საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვის ფორმას უფლებამოსილების გადამეტებად მიიჩნევს და
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "საიას" თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფორმა, რომლითაც კონტროლის პალატა მოქალაქეთა დაკითხვას ახორციელებს, მიუღებელია.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ კონკრეტული დარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოვითხოვოთ. შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები ჩვენი ადვოკატის მიმართაც დაფიქსირდა, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ამ საქმესთან დაკავშირებითაც ვგეგმავთ" -განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებები მოქალაქეებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
"მოქალაქეები, რომლებიც კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა დარღვევებით დაკითხეს, ეცდებიან მაქსიმალურად შორს დაიჭირონ თავი პოლიტიკური პროცესებისგან. ვფიქრობთ, ეს არ არის მართებული, რადგან დემოკრატიის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა მაღალი უნდა იყოს" - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

















