ახმეტაში "რესპუბლიკური პარტიის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის მეურნეობა დაიწვა.
ხანძრის შედეგად, ორი ჰექტარი ვაშლის ბაღი, ნახევარი ჰექტარი თხილის ნარგავი, კურდღლის მინიფერმა და შენობა მთლიანად განადგურდა.
საიდან გაჩნდა ხანძარი, ჯერ უცნობია. ზაქარია ქინქლაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
9 მარტს, პარასკევს, ქინქლაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "რესპუბლიკელმა" წევრმა ზაქარია ქინქლაძემ, გასული წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც მას სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოსთხოვეს.
განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში სპეციალისტად მუშაობდა. მეუღლემ კი - პროტესტის ნიშნად სკოლა დატოვა, სადაც პედაგოგი იყო.
"ეს ფაქტი რომ პოლიტიკურად დევნად არ შეფასებულიყო, ფართის მეპატრონემ, ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა სასამართლოში მიჩივლა და იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დამადანაშაულა. ქისიშვილი ჩემგან 1 500 აშშ დოლარის გადახდა ითხოვდა. თელავის სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და 9 მარტს პროცესი მოვიგეთ კიდეც. ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ჩემი და ჩემი ძმის კუთვნილ ფართს ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი დაიწვა" - აღნიშნა ზაქარია ქინქლაძემ.
გასული წლის 11 ნოემბერს, საეჭვო ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლსაც.

















