კონტროლის პალატის ქმედებების მიზანი მოქალაქეთა დაშინება იყო. ეს განცხადება კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებმა გააკეთეს.
კამპანიის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მასობრივი შემთხვევების საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღეს.
"კონტროლის პალატის წარმომადგენელთა ქმედებები მრავლად შეიცავდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა, დასმული შეკითხვები, მოქალაქეების შეურაცხყოფა, მათ წინააღმდეგ მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება, მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. მოქალაქეებს ოთახში დასაკითხად ჩხრეკის შემდეგ უშვებდნენ. ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში" - ნათქვამია განცხადებაში.
კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, საარჩევნო წელს მსგავსი რამ მოქალაქეებში შიშის დანერგვას გამოიწვევს და წინასაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს.
12-14 მარტს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა რეგიონებში პოლიტიკური პარტიების მოხალისე და მხარდამჭერი რამდენიმე ასეული ადამიანი დაკითხეს.

















