"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუიდო ვესტერველეს შეხვდება.
ანიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას შეეხება.
"ევროკავშირის და კონკრეტულად - გერმანიის როლი მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ანიკაშვილმა.
ვესტერველე საქართველოს დღეს ეწვია. მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვესტერველე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
შეხვედრა დაგეგმილია ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან.
ვესტერველე საქართველოში გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებათა საკითხებში მარკუს ლიონინგთან და გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.

















