"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას კანონის დაცვას ურჩევს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება კანონს ანგარიშს აღარ უწევს და ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ჩადის კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
"კონტროლის პალატა გარდაიქმნა ახალ პროკურატურად, რომელიც ზეწოლას ახდენს კოალიციის წევრებზე და ის სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება. ის ფაქტი, რომ ასეულობით მოქალაქეებს იბარებენ და უწყობენ დაკითხვას და თანხების უკან დაბრუნებას სთხოვენ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვები გააკეთეს ეს ქვეყანაში უკანონო ვაკხანალიაზე მიუთითებს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს კანონს, რადგან როდესღაც კანონდარღვევებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
"დიპლომატები, როგორც წესი, შეფასებებს ასე სწრაფად არ აკეთებენ, მაგრამ ვფიქრობთ, ისინი თავიანთ სახელმწიფოებს ინფორმაციას მიაწვდიან და ალბათ რეაქცია მოგვიანებით იქნება" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიციის წევრებმა დღეს დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კონტროლის პალატის მიერ მათი აქტივისტების დაბარება-დაკითხვების გახშირებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინეს.

















