საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის 12 ივლისს ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდება ან ვერ მიიღებს ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებით შეფასებას და მას სწავლის გაგრძელება უცხო ქვეყნის უმაღლეს დაწესებულებაში სურს, იგი სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებს.
მსგავსი დოკუმენტის მფლობელი საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებით ვერ ისარგებლებს.
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მსგავსი უკანონო დოკუმენტი 600-მდე ბავშვზე გაიცა, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ყალბი დოკუმენტით წავიდნენ.
დეპუტატის განცხადებით, შაშკინის მიერ გამოცემული ეს ბრძანებულება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"კონსტიტუციის დამრღვევი მინისტრი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალია ამ პოსტზე კი არ უნდა იყოს, არამედ, ცხრაკლიტულში უნდა იჯდეს" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ ამ ბრძანებულების იურიდიულ–სამართლებრივ ექსპერტიზაზე უარი განაცხადა და მას შესაბამისი კოდი არ მიანიჭა.
ცაგარეიშვილი დღეს ორ წერილს გააგზავნის, ერთს დიმიტრი შაშკინის სახელზე, ხოლო მეორეს მთავარ პროკურატურას მისწერს და მინისტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

















