თბილისის საკრებულოში "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ზაზა გაბუნიამ დღეს განათლების სამინისტროსგან ლოგოპედური სკოლის მოსწავლეებისთვის ცალკე შენობის გამოყოფა მოითხოვა და სამინისტროში მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, განათლების მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თებერვალში ლაღიძის N7-ში მდებარე 193-ე ლოგოპედური სკოლა სმენადაქვეითებულთა 203-ე სკოლასთან გაერთიანდა.
როგორც ზაზა გაბუნიამ დღეს სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სკოლების გაერთიანების შემდეგ, ლოგოპედური სკოლის 144 მოსწავლე მათთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამის გარეშეა დარჩენილი.
შენობის გამოყოფის შემთხვევაში, მშობლები მზად არიან სკოლის ფუნქციონირების პროცესის დაფინანსება თავის თავზე აიღონ.
გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას - სკოლისთვის ცალკე შენობის გამოყოფის თაობაზე, 203-ე სკოლაში გადაყვანილი ბავშვები სპეციალური პედაგოგებით მაინც უზრუნველყოს. როგორც ცნობილია, ლოგოპედური სკოლის 22 მასწავლებელი უმუშევარი დარჩა.

















