"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შემოწირულობების ლიმიტთან და ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან ორ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საბოლოო თანხმობა არ არის შემოწირულობების ლიმიტთან დაკავშირებულ საკითხზე, თუკი დაფინანსების მიღების წყარო ამ პირებისთვის ერთი და იგივეა.
"მეორე საკითხი შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი, მოთხოვნა აღარ იქნება დასჯადი, მაგრამ მიღება შეიძლება დასჯადი დარჩეს. ჩვენ მიგვჩნია, რომ ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ისჯებოდეს" – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ მომზადებულ წინადადებებზე საბოლოო პასუხს პავლე კუბლაშვილისგან პარასკევს მიიღებენ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით დღევანდელი დახურული შეხვედრა პარლამენტში საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

















