"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირის კომისარს შტეფან ფულეს,
დანიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპის საკითხთა მინისტრს მიმართავს.
პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიმართვაში ყურადღებას 2011 წლის ბოლოს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებსა და სამოქალაქო კამპანიაზე - "ეს შენ გეხება" ამახვილებენ ყურადღებას.
"ბოლოდროინდელი რეგულაციები აუარესებს საარჩევნო გარემოს, ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური აქტივობის თავისუფლებას, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით ე.წ. "მსუსხავ ეფექტს" იწვევს" - ნათქვამია მიმართვაში.
შტეფან ფულესადმი გაგზავნილ მიმართვას ხელს პლატფორმაში შემავალი 51 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხი ევროკავშირის პრიორიტეტად დარჩეს და შტეფან ფულემ ქვეყანაში ამ მხრივ განვითარებულ პროცესებს ყურადღება მიაქციოს.
კამპანია "ეს შენ გეხება" საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს. მისი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.

















