"სილქ როუდ ჯგუფში" ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ვადებზე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც "ნიუსპრესს" "სილქ როუდ ჯგუფში" განუცხადეს, ამჟამად კომპანია დეტალებს აზუსტებს და აღნიშნულის შესახებ საზოგადოებისთვის კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ტრამპი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით გასული წლის აპრილში, პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. მოგვიანებით, საქართველოში "ტრამპ-თაუერის" წარმომადგენელი მაიკლ კოენი ჩამოვიდა და პარტნიორ კომპანია "სილქ როუდ ჯგუფთან" ერთად საინვესტიციო ობიექტები შეარჩია. საქართველოში "ტრამპ-თაუერის" ანალოგი უნდა აშენებულიყო. მემორანდუმის თანახმად, პროექტები უნდა განხორციელებულიყო თბილისში, ბათუმსა და ბობოყვათში. დედაქალაქში ასევე დაგეგმილი იყო საქანელას ქუჩის და ვარდების მოედნის რეკონსტრუქცია, ხოლო ბათუმში - სასტუმროს მშენებლობა.
ბიზნესმენ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში ინვესტირების თაობაზე ინფორმაციის დაზუსტება გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს "სილქ როუდ ჯგუფშ" ურჩია. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს სწორედ ეს კომპანია აწარმოებს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში "ტრამპ თაუერი" აღარ აშენდება და დონალდ ტრამპი ინვესტიციას მხოლოდ ბათუმში ჩადებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოსვლას გეგმავს.

















