ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თავის ებრაელ კოლეგას რეოლენ რევლინს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნება და ამ საკითხში ისრაელის ქნესეთის როლი იყო. საუბარი სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხსაც შეეხო.
"რა თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარისა და ქნესეთის წევრების პოზიცია ჯვრის მონასტრის საკითხზე მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნებრივია, რომ ძირითად მოლაპარაკებას იერუსალიმის საპატრიარქოსთან ვაწარმოებთ" - განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველო - ისრაელის მეგობართა ჯგუფის წევრის აბრამ მიხაილის თქმით, ჯვრის მონასტრის დაბრუნებაში პარლამენტი საქართველოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.
"რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამის თაობაზე უკვე ორი-სამი წელია მუშაობა მიმდინარეობს" - განაცხადა მიხაილმა და დასძინა, რომ ეს საკითხი ორ-სამ თვეში დადებითად გადაწყდება.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება თებერვლის ბოლოს გააკეთა.
ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტი უვიზოდაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. წინასწარი მონაცემებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირთათვის ამოქმედდება, მოგვიანებით კი, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება.

















