ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის გია ბურჯანაძის იმ განცხადებას, სადაც
ის კრების წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ წარმოებულ ბრძოლაზე საუბრობს - არასერიოზულს უწოდებს.
გია ბურჯანაძის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების თანახმად, "სახალხო კრებას" ხელისუფლებასთან ერთად ივანიშვილის კოალიციაც ებრძვის.
როგორც "ნიუსპრესს" მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, გია ბურჯანაძემ დასკვნები იმ შეხვედრიდან უნდა გამოიტანოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და " სახალხო კრებას" შორის შედგა.
"მათ მედიაში გავრცელებული რეპორტაჟებიდან არ უნდა აკეთონ დასკვნები" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიმართ და აღნიშნა, რომ "სახალხო კრებასთან" ბურჯანაძის გარეშე ითანამშრომლებენ.
ამასთან, როგორც "სახალხო კრების" წევრები აცხადებენ, მათთვის კრების რომელიმე წევრის გარეშე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა მიუღებელია.
"ქართულ ოცნებასა" და "სახალხო კრებას" შორის უთანხმოება კრების წარმომადგენლებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ბიზნესმენის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ნაწილი დადო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გასული წლის 26 მაისსა და ნინო ბურჯანაძეზეა საუბარი. "სახალხო კრებამ" შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა, თუმცა, ადმინისტრაციამ ჩანაწერი არ გამოაქვეყნა და მისი ნაწილი უშუალოდ "სახალხო კრებას" მიაწოდა. შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ არც ერთი მხარე არ საუბრობს.

















