საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საფრანგეთის სენატის დელეგაცია მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მათი შედეგები იყო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ფრანგი სენატორების სტუმრობის მიზანი თავდაცვის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების ადგილზე გაცნობაა.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგი სენატორები წეროვანში დევნილთა დასახლებას მოინახულებენ. ასევე, სტუმრები რუსთავს ეწვევიან, სადაც იუსტიციის სახლსა და პოლიციის განყოფილებას დაათვალიერებენ.
ფრანგი სენატორები შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებშიც გამართავენ.
ფრანგულ დელეგაციას სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ჟან-მარი ბოკელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ამავე კომიტეტის წევრი ჟან-მარკ პასტორი, სენატის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი სილვი ჟოი-შავენი და სოციალურ საქმეთა კომიტეტის წევრი მარი-ტერეზ ბრუგიერი არიან.

















