საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის შეცვლას მხოლოდ როტაციას უკავშირებს.
უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ზურაბ მელიქიშვილი 4 წელი იყო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ამ პერიოდში პარტიამ სამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
კუბლაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული დროის განამვლობაში, პარტია წარმატებული იყო და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხითაც აქტიურობდა.
"როტაციას კანონი ითვალისწინებს, შესაბამისად, 4 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ როტაციის ეს პრინციპი დაცული იყოს. აქამდეც როტაცია იყო და წინა გენერალური მდივანი – დავით კირკიტაძე სწორედ ამ წესით შეიცვალა", – აღნიშნა კუბლაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოვალეობას მიხეილ მაჭავარიანი ასრულებს.
შეკითხვაზე, მელიქიშვილის გენერალური მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლება ხომ არ უკავშირდება პრეზიდენტის მიერ მისთვის შენიშვნის მიცემას, კუბლაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არანაირი შენიშვნა არ ყოფილა.
28 თებერვალს, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ მელიქიშვილს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ეჭვი გაჩნდა, რომ მას პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებდნენ.

















