კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კონტროლის პალატა მათი აქტივისტების დაშინებას განაგრძობს.
"კონტროლის პალატა პროკურატურის, სოდ-ისა და კუდ-ის ფუნქციების შეთავსებას აგრძელებს და ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლას ახორციელებს, მაგრამ ამ გზით მათი დაშინება შეუძლებელია" – განაცხადა ფანჯიკიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
რამდენიმე დღეა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების რეგიონული და რაიონული ოფისების წარმომადგენლებს კონტროლის პალატის თანამშრომლები დაკითხვაზე იბარებენ.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს და გაჩენილ კითხვებზე პასუხის გასაცემად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის მიწვევის საკითხი დააყენეს.

















