"დემოკრატიული მოძრაობის" არცერთ წარმომადგენელს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების ან მათთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ აქვს.
ამის შესახებ განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
ბურჯანაძის თქმით, ამ კოალიციაში ზუსტად იგივე ფასეულობებით მოქმედებენ როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში".
"ისინი უკვე ისევე იქცევიან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. საზოგადოებას ცალმხრივ ინფორმაციას აწვდიან და ამბობენ, რომ ასე ჩათვალეს საჭიროდ. აქ არ არის საუბარი, თუ ვის ვინ მოსწონს. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთიანობაა საჭირო" - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი პარტია ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.
"როგორ შეიძლება ჩვენი პარტია რომელიც ყველაზე სუფთა და მებრძოლია, ვინმეს რამეში უშლიდეს ხელს", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და ყველას მოუწოდა - თუ აქვთ საერთო ინტერესებისთვის "დემოკრატიული მოძრაობის" მხრიდან ხელს შეშლის შესახებ არგუმენტები, აცნობონ და მოძრაობა მათ აუცილებლად გაითვალისწინებს.
მისივე თქმით, პარტია "სახალხო კრებასთან" ერთად ბრძოლას გააგრძელებს და თუ დღევანდელი ხელისუფლება სათავეში კვლავ დარჩება, პასუხისმგებლობა სწორედ იმ ოპოზიციურ ძალებს დაეკისრებათ, რომლებმაც ერთიანი ფრონტის შექმნას ხელი შეუშალეს.

















