პოლიტიკურმა პარტია "ახალმა მემარჯვენეებმა" დღეს კამპანია "ქართული სოფლისთვის" დაიწყეს.
პარტიამ, კამპანიის ფარგლებში, სოფლის თემატიკაზე 5 ვიდეორგოლი გადაიღო, გაზეთი გამოსცა და სპეციალური ბუკლეტებიც დაამზადა.
"ახალი მემარჯვენეების" განცხადებით, მათ მიწის დამუშავებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები, მიწის 30 ლარიანი ვაუჩერის, გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებისა და არარსებული ინფრასტრუქტურის, განათლების მიღების სირთულეებისა და კულტურული ცხოვრების დაბალი მაჩვენებელის ამსახველი მასალა წარმოადგინეს.
პარტიის თავმჯდომარემ დავთ გამყრელიძემ "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა რაიონსა და სოფელში 300-მდე შეხვედრა გამართეს და სოფლად ცხოვრების გაუსაძლისი პირობები დააფიქსირეს.
"ახალი მემარჯვენეები" შეხვედრებს გააგრძელებენ და სოფლის მოსახლეობას და ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვას შესთავაზებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ ვიდეორგოლები ძირითადად რეგიონული ტელევიზიებითა და რადიოს საშუალებით გავრცელდება.

















