საპარლამენტო ფრაქცია - "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრი ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა
ზოგიერთი მაღალჩინოსნის ფინანსურ ინტერესებს უკავშირდებოდეს.
"ამ საკითხის უკან იკვეთება საეჭვო ფინანსური ინტერესები უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების" – განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს, უმრავლესობა ძალიან მალე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ეკრანზე იხილავს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამ ადამიანების ვინაობის დასასახელებლად მზად არის პრეზენტაცია გამართოს და სათანადო დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის ამონაწერები წარადგინოს.
ბაღათურიას ინფორმაციით, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში იმ ადგილას იგეგმებოდა, სადაც იუნკერების საფლავია.
"ერისთვის ამაზე მეტი სულში ჩაფურთხება რა უნდა იყოს?! აზიზიე ერთ-ერთი სისხლიანი დამპყრობელი იყო და ის ქართული ოკუპაციის სიმბოლოა. მისი სახელობის მეჩეთის მშენებლობას საქართველოში არ დავუშვებთ" - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

















