"აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ყოველთვის ისე ტარდება, რომ არც ოპოზიციას და არც მოსახლეობას შედეგებთან დაკავშირებთ კითხვა არ უჩნდება
" - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა, აფხაზი მოსახლეობა ყოველთვის თავისთვის სასურველ კანდიდატს უჭერს მხარს.
"დემოკრატიული მოძრაობა" იმედოვნებს, რომ ქართველები და აფხაზები მათ შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას ყოველგვარი წინაპირობების, შიშისა და არაპროგნოზირებადი ქმედებების გარეშე შეეცდებიან.
მათი თქმით, ქართველებმა და აფხაზებმა უნდა მოახერხონ და მოლაპარაკებები ისე წარმართონ, რომ თანასწორუფლებიან საზოგადოებაში თანაცხოვრება შეძლონ.
"თუ აფხაზი ხალხი მართლაც დემოკრატიული ფასეულობებისკენ ისწრაფვის, არ შეიძლება ისინი მხოლოდ საკუთარი უფლებების უზრუნველყოფასა და მათ დაცვაზე ზრუნავდნენ და ამავდროულად უგულებელყოფდნენ სხვის ასეთივე კანონიერ და საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს. კერძოდ, აფხაზეთის მოსახლეობის იმ ძირითადი ნაწილის უფლებებს, რომლებსაც დღეს იძულებით აქვთ დატოვებული საკუთარი კუთხე"- ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრები მთლიანად საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში, სრულყოფილი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სურვილს გამოთქვამენ, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს.

















