"ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი დღეს რამდენიმე კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
მიმდინარე კვირას, კანონპროექტის დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიღება იგეგმება.
თვის ბოლოს სამხრეთ კორეაში, სეულში დანიშნულ ბირთვულ სამიტამდე კანონი მიღებული უნდა იყოს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამიტზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
"გვინდა, რომ ამ მნიშვნელოვან სფეროში სფეციფიკური თემები კარგად დარეგულირებული გვქონდეს, როგორც ამას, ამერიკელი და ევროპელი კოლეგები გვირჩევენ" – ამბობს ენუქიძე.
"ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან.
კანონპროექტი ბირთვულ და რადიოაქტიულ საქმიანობებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს ადგენს. კანონპროექტის მიზანია ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა.
კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის და ევროკომისიის ექსპერტების მისიების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

















