მთავრობა პიარტექნოლოგიებით ცდილობს ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის საკითხით აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემა გადაფაროს.
ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
"მთავრობა აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბრობდა და კოდორი დავკარგეთ, ცხინვალს იბრუნებდა და ახალგორი აღარაა ჩვენი" - განაცხადა დეპუტატმა.
ვეფხვაძე შიშობს, რომ ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე საუბარი უარესად არ მოუბრუნდეს ქვეყანას. პარლამენტარი ხელისუფლებას საუბრის ნაცვლად ჯერ საქმის გაკეთებას ურჩევს.
ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი ვერ გამოყო პეტრას ციხის აღდგენისთვის და ამ ფონზე აზიზიეს მეჩეთის აშენება იგეგმება.
ვეფხვაძის თქმით, მთავრობის პოზიცია პრინციპული რომ იყოს, 8 წლის განმავლობაში სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა - მიმართავდა იუნესკო-ს და თურქეთის მთავრობა ვალდებული გახდებოდა ქართული ძეგლები აღედგინა.

















