შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღურ თავდასხმებში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ივანე ჯანიაშვილი, შაქრო ხიმშიაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ავთანდილ ბედენაშვილი, გიორგი შაკიაშვილი, პლატონ ქურდაძე, ლევან კალატოზიშვილი, ბექა ცერცვაძე და მამაიაშვილი მალხაზი დააკავეს.
აღნიშნული პირები ნიღბების გამოყენებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით ოჯახებს თავს ესხმოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დაზარალებულებს ხელ-ფეხს უკრავდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ოჯახიდან ძვირფასეულობა და ფულადი თანხა გაჰქონდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში და კახეთის რეგიონში მოქმედებდნენ. გამოძიების შედეგად მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ხუთი ფაქტია დადგენილი.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179 და 236 მუხლებით მიმდინარეობს.

















