რუსეთმა საქართველოს გენერალური ბრძოლის ახალი ეტაპი გამოუცხადა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თელავში განაცხადა.
იგი ვლადიმერ პუტინის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე.
"რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და დრო დაგვინიშნა - საქართველოს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მათ როგორც ვერ მოგვიგეს ომი, დემოკრატიულ ბრძოლას მითუმეტეს ვერ მოგვიგებენ, რადგან დემოკრატიას ყოველთვის ხალხი იგებს და ქართველი ხალხი ამ ბრძოლასაც აუცილებლად მოიგებს" -განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თმქით, დღევანდელ რუსეთს მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალზე მიუწვდება ხელი, თუმცა, პირველად პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პუტინმა კახეთი დაბომბა და კახურ ღვინოს ემბარგო დაუწესა.
"ამის მიუხედავად, კახეთმა დაიწყო ფეხზე წამოდგომა, რუსეთში ძალიან კარგად იციან, რომ კახეთი ჩვენი სახელმწიფოებრივი ხერხემალია. მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ომს გავუძელით. მითხარით, ქვეყანა, სადაც საბჭოთა კავშირი და რუსეთი შევიდა და მიწაში არ ჩატკეპნა იგი.საქართველო მაინც ამაყად დგას და დროშას აფრიალებს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

















