ბიძინა ივანიშვილისა და "სახალხო კრების" შეხვედრა ნინო ბურჯანაძის გარეშე ჩატარდა და ყოველი მომდევნო შეხვედრაც ბურჯანაძის გარეშე წარიმართება. ამის შესახებ დღეს
გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც თბილ და მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობს, შესაძლოა, ისეთი თემები გაჟღერდეს, რომელიც გამოსაქვეყნებელი არ იყოს.
ამასთან, ფანჯიკიძის განცხადებით, "სახლო კრებასთან" რაიმე ცალკეული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შედგა მხოლოდ ერთი შეხვედრა, რომელზეც თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა და შესაძლოა, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.
ფანჯიკიძის განმარტებით, ივანიშვილთან შეხვედრის ის ვიდეო მასალა, რომელიც "სახლხო კრებას" აინტერესებდა, მათ უკვე გადაეცათ.
"2 საათიანი შეხვედრის სამუშაო მასალა არავისთვისაა საინტერესო, ყველასთვის ცნობილია, რომ ნესბიმიერი სამუშაო მასალა მონტაჟდება. სწორედ ისე მოხდა ამ შეხვედრის ჩანაწერთან დაკავშირებითაც. დაიდო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი და დანარჩენს დიდი ყურადღება არ მიექცა. ეს არის და ეს, ამის უკან რაიმე შეთქმულება არ უნდა წარმოიდგინოთ" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა - "რა არის ის, რისი ნახვაც სახალხო კრებას" უნდა და რასაც მათ "ქართული ოცნება არ აძლევს".
"ხომ შეიძლება თქვან ან დაწერონ - რაზე ისაუბრეს, რა იყო მათი პოზიცია და რას არ აძლევს მათ "ქართული ოცნება". ჩვენ გადავეცით ჩანაწერის მათთვის საინტერესო ნაწილი და შეუძლიათ გამოაქვეყნონ" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
"სახალხო კრება" "ქართულ ოცნებას" სთხოვს ივანიშვლთან შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს. კრების წარმომადგენლის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, მოთხოვნის შემდეგ, კოალიციამ მათ მხოლოდ 19 წუთიანი უხარისხო ვიდეოჩანაწერი გადასცა და არა სრული ვერსია.

















