საქართველოს დღეს ევროკავშირის ექსპერტთა მისია ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ
ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, 2011 წლის 1 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმზე დიალოგის დაწყება 2012 წლის ზაფხულამდე მოხდეს.
"შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის დაწყება ზაფხულამდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსის შეფასებით წარსდგება ბრიუსელში ექსპერტთა ჯგუფი" - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის ექსპერტთა მისიას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტი 14 მარტამდე გრძელდება.

















