"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" "სახალხო კრებისთვის" შეხვედრის
სრული ჩანაწერი კვლავ არ გადაუცია.
გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ "სახალხო კრებას" ივანიშვილთან შეხვედრის მხოლოდ 19 წუთიანი, უხარისხო ვიდეოჩანაწერი გადაეცა, რომელიც "სახალხო კრების" ვებ-გვერდზეა განთავსებული.
"ჩვენი შეხვედრა ივანიშვილთან დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა. ჩემი მოთხოვნა გადმოეცათ ჩანაწერის ის ვარიანტი, სადაც ჩვენი მოსაზრებებიც არის დაფიქსირებული, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა" - განაცხადა გაფრინდაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, "სახალხო კრება" არის ძალა, რომელსაც არსებული რეჟიმის შეცვლა ნამდვილად უნდა და თუ ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად რეალური ნაბიჯების გადადგმას "ქართულ ოცნებასთან" ერთად შეძლებენ, მაშინ "სახალხო კრება" მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
როგორც ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, მიუხედავად ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა, "სახალხო კრება" არავის უპირისპირდება.
"სახალხო კრებამ" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ამსახველი სრული ჩანაწერის გამოქვეყნება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბიზნესმენის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე შეხვედრის ის ნაწილი დაიდო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეზე და გასული წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრობდა.

















