საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე რელიგიური გრძნობების შელახვისთვის სისხლის სამართლის
კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა, რელიგიური გრძნობების შელახვის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა განხორციელდეს.
"ქართული ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, ზოგიერთი რამ მწვავედ აღსაქმელია. შესაძლოა, გარკვეული ქმედებები სიტყვის თავისუფლების სახელით ხორციელდებოდეს, მაგრამ პირდაპირ ლახავდეს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს" - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მართლმადიდებლური კონფესია ყველაზე დიდი კონფესიაა ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოსთან საკონსტიტუციო შეთანხმება აქვს.
მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები სახალხო დამცველის არც ერთ ანგარიშში არ ასახულა. "ომბუსდსმენს 2010 წელს რელიგიური გრძნობების შელახვის 25-მდე ფაქტის შესახებ ინფორმაცია გადავეცი" - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

















