პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების სცენარს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება წერს.
მისივე თქმით აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არც ერთი არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება.
"ცხინვალში ჩატარებული მასკარადიდან გამომდინარე, ასევე პუტინისა და დუმის არჩევნებიდან გამომდინარე, ეს სცენარი წინასწარ ყველამ იცის. აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების სცენარს საოკუპაციო ხელისუფლება წერს და მას თავადვე ასრულებს" – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა "ნიუსპრესთან" საუბარში.
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი კომენტარს ვლადიმერ პუტინის განცხადებებზეც აკეთებს.
" 2008 წლის მოვლენები იყო იმ გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლაში ხელისშეშლა უნდა მომხდარიყო, რასაც საქართველოს საბოლოოდ დაპყრობა მოჰყვებოდა. რაც არ უნდა ილაპარაკოს პუტინმა, რომ ქართველები უყვარს ამას არავინ დაიჯერებს რადგან მისი სიყვარული საქართველოს დაბომბვაში და რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების საბარგო თვითმფრინავებით გამოყრაში გამოიხატება. ეს არის მისი რეალური გრძნობები საქართველოს მიმართ" – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
აფხაზეთში დღეს დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება. დეპუტატის 35 მანდატისთვის 150-მდე კანდიდატი იბრძვის.
.

















