"ქრისტიან–დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიში პირობების გასაუმჯობესებლად ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოიყოს.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამხურიდან აცნობეს, ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს დუშეთის რაიონის პოლიციის შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანი დაათვალიერა.
ლალიაშვილის განცხადებით, დუშეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რაიონების უმეტესობაში ე. წ. კაპეზეები უმძიმეს მდგომარეობაშია და პირობების გაუმჯობესება აუცილებელია. მისივე განმარტებით ადამიანებს თვეების გატარება არაადამიანურ პირობებში უწევთ.
"აუცილებლად მიგვაჩნია გადაუდებელი ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება და შესაბამისი ხარჯების ბიუჯეტიდან გამოყოფა. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან დებატებისას და მონიტორინგს კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ" – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქდმ ასევე ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შესატანად, რაც ადმინისტრაციული პატიმრობის ოპტიმალურ ვადამდე შემცირებას და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.

















