საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველი მინდია გულუა საკუთარი თავის გარდა არავის წარმოადგენს და ვის შეხვდება მისი გადასაწყვეტია.
აღნიშნული კომენტარი "ნიუსპრესთან" გოკა გაბაშვილმა გულუას რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გააკეთა.
მისი თქმით, მცირე პრორუსული ჯგუფები და პარტიები პუტინის გულის მოსაგებად იქმნება და ამის რესურსი მათ სპეცსამსახურებს აქვთ.
"ამას არანაირი ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე არა აქვს. მინდია გულუა არავის წარმოადგენს თავის თავის გარდა. მისი არჩევანია, უნდა პუტინს შეხვდეს და უნდა "ეფესბეს" გენერლებს. ეს ჩვენი საქმე არ არის" – განაცხადა გაბაშვილმა.
პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" "განახლებული საქართველოსთვის" პრესსამსახურიდან აცნობეს, პუტინმა მინდია გულუასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთან პრობლემები ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებითაა გამოწვეული.

















