იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა.
ამავე დროს განისაზღვრება, რომ ნორმატიულ აქტში სიტყვის ან რიცხვის შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის, ქვეპუნქტის, დანართის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით. კანონპროექტის მიხედვით, ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად უნდა დაერთოს აგრეთვე იმ ნორმის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი პროექტით ან ხდება მუხლის ამოღება.
სხდომაზე ასევე მეორე მოსმენისთვის განიხილეს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ცვლილებების თანახმად, პარლამენტს უბრუნდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი დარჩება სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განხილული კანონპროექტების რიგგარეშე სესიის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.