ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ სასამართლო პროცესამდე არასრულწლოვანის დამნაშავედ მოხსენიების ფაქტს გმობენ.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ადამიანის უფლებათა სახლიდან აცნობეს.
აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციებმა პრეზიდენტის, სასამართლოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის სახელზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
"პარლამენტში გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა #53 სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია. სააკაშვილის თქმით, ალექსიძე იმიტომ გარიცხეს, რომ "დირექტორს გაექაჩა". მისივე თქმით, ახლა სხვა დროა და სკოლებში კრიმინალური მენტალიტეტი აღარ არსებობს" - ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა სახლი მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტმა ეს შემთხვევა გაითვალისწინოს და სამომავლოდ აღარ დაარღვიოს კანონი, პატივი სცეს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა კი - ალექსიძის საქმე ობიექტურად განიხილონ და პრეზიდენტის განცხადების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.
არასამთავრობოების განცხადებით, 15 წლის მიხეილ ალექსიძე სკოლიდან დირექტორმა ტატო შავშიშვილმა "დისიპლინური დარღვევის გამო", გასული წლის 13 ოქტომბერს გარიცხა. თუმცა, რაში გამოიხატა დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა ის, დირექტორის გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსიძის საკითხით სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაინტერესდა. მან გაარკვია, რომ მოსწავლის დისციპლინური დევნა სამართლებრივი ნორმების დარღვევით განხორციელდა.
2011 წლის 13 ოქტომბერს დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.
ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული.

















