რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) გენერალურ მდივანს, ედუარდ ბირიუკოვს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე ყურადღება საავტომობილო გზების სექტორის განვითარებაზე გამახვილდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, პილოტური პროექტების განხორციელებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მიმართულებით ინიციატივა გამოითქვა.
დავით ნარმანიამ სტუმარს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.