პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ მხარესთან გაზის ფასებთან დაკავშირებით საუბარს აპირებს.
ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი, კონკრეტული საუბარი ბუნებრივი აირის გაიაფებასთან დაკავშირებით.
„გაზის ფასისგან განსხვავებით, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის პირველი და მეორე კატეგორიის მომხმარებლებისთვის, რომლებიც მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენენ, ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდება, რაც დაახლოებით 27 პროცენტია და რაც, ვფიქრობ საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ტარიფების საკითხზე ძალიან კარგად იმუშავა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რისთვისაც მას პრემიერმა საჯაროდ, მადლობა გადაუხადა.