საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა ის თანამიმდევრული ქმედებების შედეგად, ნამდვილად მიღწევადია.
„ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და პრინციპულები რუსეთთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს საქართველოს შსახებ, ის ფრთხილი და პოზიტიური იყო.
საინტერესოა აგრეთვე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაც იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის შეუზღუდავი სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს. ამ მიმართულებით კერძო სტრუქტურებმა მუშაობა უკვე დაიწყეს“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია.
„ მე ადრეც ვაცხადებდი და ეხლაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მისასალმებელი, პოზიტიური გამონათქვამები და ნაბიჯები, რაც რუსეთის მხრიდან განხორციელდა. საბოლოო შედეგი ძნელად საანალიზო და პროგნიზირებადია.
ჩვენ პაუზებს ვაკეთებდით და არ ვაძლევდით რეაქციას რუსეთის ზოგიერთი ჩინოვნიკის არასასიამოვნო გამონათქვამებს. სჯობს არ ვიყოთ სულსწრაფები და მოთმინებით გავიაზროთ ის ჩიხური სიტუაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის და სადაც შესვლა ძალიან ადვილი იყო, გამოსვლა კი რთულია“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას, მის მიერ აღიარებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების სურვილიც რომ გაუჩნდეს, ეს მარტივი მაინც არ იქნება.
„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ დროში, ურთიერთობების მოგვარების პროცესი აუცილებლად პოზიტიურად განვითარდება, თუმცა არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს მყისიერად მოხდება.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ვიყოთ თანმიმდევრულნი, პრინციპულნი და კონსტრუქციულნი და მე იმედს ვიტოვებ რომ დროში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ გავაუმჯობესებთ და დავალაგებთ ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობებს“ - განაცხადა პრემიერმა.