საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კოჰაბიტაცია ხელოვნური ვერ იქნება და ის არ უნდა გულისხმობდეს ახალი მთავრობის მიერ კრიმინალებთან ურთიერთობაში შესვლას.
„ ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ის ისტერიული გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ისინი ახორციელებენ.
ეს პროცესები გაგრძელდება, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სამართლიანობის განცდის დაბრუნება იყო და ეს დროის განმავლობაში აუცილებლად მოხდება“ - აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გამონათქვამები სერიოზულ კომენტირებას არ ექვემდებარება.
„მე ჟურნალისტებს ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებით ღრმა კომენტარებს ვეღარ გავაკეთებ, რადგან მათ ვერ მოახერხეს კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობა და ფაქტიურად „ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით ლაპარაკობენ.
მე მათზე საკმაოდ ბევრ დროს ვხარჯავდი და იმედი მქონდა რომ ისინი კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას მოახერხებდნენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მათ და მათი ლიდერის გამონათქვამებს, მე მგონი ამ გამონათქვამებში იმდენი აბსურდია, რომ ის ჩემი მხრიდან სერიოზულ ანალიზს ვეღარ დაექვემდებარება“ - განაცხადა ივანიშვილმა.