საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტი ძალიან საინტერესოა და მასში პრაქტიკულად ყველა ის მუხლია ასახული, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდებოდა.
„ეს პირველ რიგში შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ძალიან შემცირდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, შემცირდა მთავრობის კანცელარიისა და ძალიან ბევრი სამინისტროს, მათ შორის ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროს ხარჯებიც, თუმცა რა თქმა უნდა არ შემცირებულა ჯარისკაცების კვების ან ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის განკუთვნილი თანხები.
თავდაცვის სამინისტროში, მოგეხსენებათ ძალიან ბევრი გაუაზრებელი და საეჭვო ხარჯები იყო დაწყებული თვითმფრინავის მომსახურებიდან, გაგრძელებული იარაღის საეჭვო შესყიდვებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის კონტურები იკვეთება, რაზეც განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ.
სწორედ, ასეთი ხარჯების ოპტიმიზაციით, ჩვენ მოვახერხეთ და საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი მივიღეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო ის ინცინდენტი, რასაც ბიუჯეტის მიღების დროს ქუთაისში ჰქონდა ადგილი.
„ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ვამართლებ იმ მოქალაქეების ქმედებას, რომლების აგრესიულად იყვნენ ოპოზიციის მიმართ განწყობილნი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რადგან ასეთი ქმედებები სახელს უტეხავს ჩვენს ქვეყანას და თუ გნებავთ ახალ მთავრობასაც. თუმცა ჩემი აზრით ბიუჯეტის მიღების დღე, ძალიან შეგნებულად გადაიფარა“ - აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილმა ბიუჯეტის ფორმირების შესახებ რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ბოკერიას სამსახური 2013 წლისთვის 30 მილიონს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, 1,8 მილიონსაც „მშვენივრად დასჯერდა“.
„მათ ვერ დაასაბუთეს რაში სჭირდებოდათ 30 მილიონი. ამ უწყებიდან, საკმაოდ დიდი თანხები მიხეილ სააკაშვილის ლობირებას ხმარდებოდა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.