რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოში პოლონეთის ელჩს ურშულა დოროშევსკას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
პაატა ზაქარეიშვილმა ელჩს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ პოლონელ პარტნიორებს ჩვენი გეგმები, რათა მათ შეძლონ, თამამად დაიცვან საქართველოს ინტერესები საერთაშორისო დონეზე. ვიმსჯელეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ პრობლემებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება, ევროკავშირი ჩართული იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარებაში” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს რუსეთთან ურთიერთობების პოლონეთისეული გამოცდილება.
”პოლონეთის მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ არ დათმოს ევროპული ინტეგრაცია და ამავდროულად მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

















