ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ,
რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა ამერიკულ მხარეს საქართველოში დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების კუთხით დაგეგმილი რეფორმა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელსაც სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამერიკული კომპანიები დაინტერესებულები არიან სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერებით და მნიშვნელოვანი იქნება მათი ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობის მიზნით.

















