საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღეს, უმსხვილესი საინვესტიციო
ჯგუფის J.P. Morgan–ის ბიზნესის მმართველს რეგიონში, იან ტავროვსკის შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობა და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ
საქართველო გავხადოთ საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა. ყველაზე
ძლიერ საინვესტიციო ჯგუფთან ეს შეხვედრაც, სწორედ ამას ემსახურება. ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივებზე. შევთანხმდით, რომ იანვრის ბოლოს J.P. Morgan–ის პრეზიდენს დავოსში შევხვდები და სამომავლო ინვესტიციებს უფრო დეტალურად განვიხილავთ“ –აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
იან ტავროვსკის განცხადებით, კი შეხვედრა ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა.
„დიდი პატივია ჩემთვის, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა
ივანიშვილს. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც იყო ძალიან სასარგებლო და
პერსპექტიული. განვიხილეთ სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციების
პერსპექტივები. მოგეხსენებათ, J.P. Morgan–ს ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება
აქვს და შეუძლია საქართველოს მთავრობას დაეხმაროს ამ მნიშვნელოვანი საკითხის
გადაწყვეტაში“ – განაცხადა ტავროვსკიმ.

















