"სახალხო კრებისთვის" "ქართულ ოცნებას" დაპირებული ვიდეო ჩანაწერი არ გადაუცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა.
"არც ჩანაწერი გადმოუციათ და არც არავინ შეგვხმიანებია "ქართული ოცნებიდან" - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
"სახალხო კრებამ" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ამსახველი სრული ჩანაწერის გამოქვეყნება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბიზნესმენის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე შეხვედრის ის ნაწილი დაიდო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეზე და გასული წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრობდა.
გაფრინდაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს რა საკითხებს შეეხო საუბარი შეხვედრაზე, საჭიროა ჩანაწერის სრულად გამოქვეყნება.
"ქართულ ოცნებაში" გუშინ განაცხადეს, რომ შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება შეუძლებელია და ისინი მას "სახალხო კრებას" გადასცემდნენ. როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, მათ შეხვედრის ჩანაწერის ის ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს.

















