საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაპატიმრებების მასშტაბების არსებული დონე, ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„საქართველოში, პროცენტულად ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამიანები ქვეყნისთვის არცერთ, თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდშიც არ ყოფილა, მათ შორის არც იმ პერიოდში, როცა საქართველო დამოუკიდებელი არ იყო.
როცა ვსაუბრობთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიჭირეს და პასუხი აგებინეს ენერგეტიკის მინისტრს, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ადამიანმა საქართველო ჩააბნელა და ფულს აკეთებდა იმაში, რომ ქვეყანაში სინათლე არ ყოფილიყო.
დღეს კი დაიჭირეს ადამიანი - ალეკო ხეთაგური, რომლის დამსახურებაცაა რომ საქართველოში არის დენი, ვინაიდან ხეთაგური წლების განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომლის დამსახურებაცაა, რომ ბიუჯეტი, როცა ის სამუშაოდ ფინანსთა სამინისტროში გადავიდა, კიდევ უფრო გაიზარდა.
არის თუ არა განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც საქართველო ჩააბნელა და ხალხის ფული მოიპარა და იმ ხალხს შორის ვინს ეს ფული უკან მოატანინა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აგრეთვე კომენტარი გააკეთა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებითაც.
„დაიჭირეს გვარამია, რომელიც სანამ მთავრობაში იყო კორუფციასთან მებრძოლ ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, შემდეგ უცხოეთში განათლება მიიღო, ჩამოვიდა და აქ ამ მართლა ოროსნებმა დაიჭირეს, რომლებმაც მარტო დოლარის ნიშნის ცნობა იციან.
დაიჭირეს დამენია რომელიც ერთ-ერთი უპატიოსნესი ფიგურა იყო სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელსაც პირადი არაფერი აინტერესებდა. დღეს მომპარავები ციხიდან გამოდიან, კორუმპირებულები კაბინეტებში სხედან და იჭერენ იმათ, ვინც კორუფციას და კრიმინალს ებრძოდა“ - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა თავისი შედეგები უკვე მოიტანა, რადგან გაჩერებულია რუსთავის გზის და პარკის მშენებლობა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

















