„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ქუთაისში გუშინ მომხდარ ინცინდენტსა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებს ეხმიანება.
„რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავება ასევე, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის დაკავება - გაუგონარი ფაქტია. თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის დაკავება არ მომხდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, თვით რუსეთშიც კი. ივანიშვილის მთავრობა ვერ ახერხებს წინა საარჩევნო სოციალური დაპირებების შესრულებას. დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი პარტია, არცერთი დაწესებულება, რომელიც არ ექვემდებარება ივანიშვილის პირად დიქტატს“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ისტერიკაშია, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის სხვა რეჟიმზე გადადის.
„ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა საქართველოში არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა და საქართველო არ დააბრუნოს იმ ბნელ წარსულში, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა.
სხვათა შორის, ალეკო ხეთაგური არის სწორედ ის ადამინი, რომელმაც შეძლო შევარდნაძის ჩამქრალი, კორუმპირებული საქართველო ექცია განათებულ, გამთბარ და სტაბილურ ელექტრო და გაზმომარაგების ქვეყანად. მისი ბრალდება მეტყველებს იმაზე რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ივანიშვილი ცდილობს ყველაფრის გააკონტროლოს“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

















