საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირობას დებს, რომ მისთვის დაცვის მოხსნის შემთხვევაშიც, ის მარტო ივლის და საბოლოოდ მიაღწევს, რომ საქართველოში წესრიგი და კანონიერება აღდგეს.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ის რაც დღეს ხდება, ეს არის ზეწოლა ინსტიტუტებზე. აქ არ არის საუბარი ცალკეული პარტიების განადგურება-არგანადგურებაზე, ეს არის შეტევა ჩვენს მიერ შექმნილ ინსტიტუტებზე. ჩვენ ყველაზე მთავარი რაც შევქმენით, ესაა ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და ქართული პოლიცია.
რაც გუშინ მე ყველაზე მეტად ქუთაისში მეწყინა, ესაა რიომ პოლიციამ მიიღო ინსტრუქცია რომ არ გაეკაროთ და მიეცით საშუალება რომ ამ ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტს და სუბიექტს, რომ პრეზიდენტს რამე უქნანო. ყველამ კარგად და მათ შორის პოლიციელებმაც დაინახეს რა მოხდა სინამდვილეში.
ხოლო რადგან ამ მეთოდებით არაფერი გამოუვიდათ, ეხლა პარლამენტში კანონპროექტი შეაქვთ, რომ პრეზიდენტს დაცვა მოეხსნას და დაცვის გარეშე იაროს.
წაიღონ დაცვა, ის აუცილებლად დაჭირდება იმ კაცს ვინც ამას აკეთებს, მას გაცილებით მეტი ქონება აქვს დასაცავი, მე კი არც ჩემი ხალხისგან და არც არავისგან დაცვა არ მჭირდება. მე არც ქონება მაქვს დასაცავი როგორც მათ გონიათ და თუ საჭირო იქნება, ვივლი მარტო და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს და კამპანიას ჩავატარებთ. საბოლოოდ კი მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში კანონიერება და წესრიგი აღდგება, კონსტიტუციური ცხოვრება გაგრძელდება და ადამიანის უფლებები განუხრელად იქნება დაცული“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















