საპარლამენტო საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, როგორც უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა,
ასევე უმცირესობაში შემავალ ფრაქციათა შორის კვოტების გადანაწილების შეზღუდვა იხსნება.
აღნიშნული ცვლილების შესახებ, რომელიც „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შედის, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
პროექტით, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ფრაქციათა მიერ დათმობის ან გაცვლის შესაძლებლობაა დაშვებული.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონის ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი სხვა ცვლილებებიც. ინიციატივის ავტორის, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, თვითმმართველი ერთეული თავისუფლდება ვალდებულებისგან დააფინანსოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობა. ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
კანონპროექტებს მხარი როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამაც დაუჭირა.

















