სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.
პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. პრეზიდენტთან საუბრისას, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მას დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა. იაგლანდტმა კოჰაბიტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე.
„შეხვედრისას, მხარეებმა იმ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ევროსაბჭოს როლი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა იყო“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

















