კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დავით ბაქრაძის სახელზე შემუშავებულ მიმართვას ხვალ პარლამენტში შეიტანენ.
არასამთავრობოები ხელისუფლებას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოწვევას სთხოვენ.
როგორც "ნიუსპრესს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუმარტა, აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც მიადევნონ თვალი.
"ეს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას შეუშლის ხელს. ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვის საშუალება მიეცემათ" - აღნიშნა გიგაურმა.
არასამთავრობოებს იგივე შინაარსის წერილი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზეც აქვთ მომზადებული.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ქვეყანაში მოწვევის უფლება მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.

















