ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, დღეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხრიდან შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ხოლო ამერიკული მხრიდან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დებორა მაკრატი და კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ანდერსენი. 
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და სხვა შესაძლებლობებს.
ასევე განიხილება ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, აგრეთვე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობის თემები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












