აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზაილ აღამალი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ "ნოვოსტი აზერბაიჯანი" იუწყება.
აღამალიმ სააკაშვილის აზერბაიჯანის მილი მეჯლისში გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა გამოიყენა.
"სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ტრიბუნა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა" - განაცხადა აღამალიმ.
მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გართულებისკენ იყო მიმართული.
"დღეს აზერბაიჯანს კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს რუსეთთან" - აღნიშნა დეპუტატმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თავის გამოსვლაში სააკაშვილი ერთი წინადადებითაც არ შეხებია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.

















