სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სტრასბურგის მერს რონალს რიესს შორის შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. შეხვედრისას, ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან ერთად სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი. საქართველოს კვირეულის გამართვა, შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.
„2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ და თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

















